ალტამირას გამოქვაბული (ესპანეთი)
Cave of Altamira
XIX საუკუნეში ესპანეთში ცხოვრობდა არქეოლოგიით გატაცებული კაცი მარსელინო საუტუოლა. მას მხარზე მუდამ წერაქვი და ბარი ჰქონდა გადადებული და უძველესი ადამიანის ნაკვალევს ეძებდა. ერთხელაც, 1875 წლის ერთ სისხამ დილას იგი მთაში წავიდა, რათა ალტამირას გამოქვაბული, სადაც ადრეც იყო ნამყოფი, კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა. მარსელინოს მისი 12 წლის ქალიშვილი მარიაც წაჰყვა. გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, მარია მის შესასვლელში გაკეთებულ ხვრელში პირველი შეძვრა. ყმაწვილები ხომ საოცრად ცნობისმოყვარეები არიან! მალე მარსელინოს შემოესმა გოგონას ძახილი:
– მამა, ჩქარა, ჩქარა! აქ ხარებია დახატული. მოდი, ნახე რა ლამაზია!
მარსელინო სასწრაფოდ იქით გაეშურა, გამოქვაბული ფარნით მიანათ-მოანათა და დაინახა, რომ მისი კედლები და ჭერი შავი, წითელი და ყვითელი საღებავებით შესრულებული ბიზონების, ტახების, ირმების, ცხენების და სხვა ცხოველების გამოსახულეით იყო გაფორმებული.
ეს ამბავი მთელ მსოფლიოს სენსაციად მოედო. ძალიან ბევრი მნახველი, თვით ესპანეთის მეფეც კი მიბრძანდა გამოქვაბულის დასათვალიერებლად. მარიამ და მამამისმა უძველესი ხელოვნების ნიმუშებს მიაგნეს. მაგრამ მალე ზოგიერთ მეცნიერს ეჭვი შეეპარა – ასეთ ლამაზ ნახატებს უძველესი ადამიანი როგორ დახატავდაო და ალტამირას გამოქვაბული კვლავ საიდუმლოებამ მოიცვა. ვის უნდა დაეხატა იგი?
გავიდა რამდენიმე წელი და არქეოლოგებმა ესპანეთში და საფრანგეთში აღმოაჩინეს მრავალი გამოქვაბული, სადაც ისეთივე ნახატები იყო გამოსახული, როგორსაც მამა-შვილმა მიაკვლია. მაშინ კი საბოლოოდ აეხადა ფარდა ალტამირას საიდუმლოს. უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა მიკვლეულ გამოქვაბულთა კედლებზე შესრულებული ნახატები, ნამდვილად უძველესი ხელოვნების ნიმუშები იყო.
No comments:
Post a Comment